კოროშინაძე სულიკო
კოროშინაძე სულიკო

კოროშინაძე სულიკო (17. XII. 1932, თბილისი-16. XII.2011, თბილისი, დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში), ქართვ. საესტრადო მომღერალი, ფოლკლორისტი. საქართვ. დამს. არტ. (1967), გადეცა ღირსების ორდენი ქართ. საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედ. მოღვაწეობისათვის (1996), თბილ. საპატიო მოქალაქე (2011). კ. ს. მდიდარი სასიმღერო ტრადიციების მქონე ოჯახში გაიზარდა. მისი წინაპრები საქართვ. ეთნოგრ. ანსამბლის გურული სიმღერების საუკეთესო შემსრულებლებად ითვლებოდნენ. დედა-ანა კოროშინაძე წლების მანძილზე საქართვ. მეჩონგურე ქალთა ანსამბლის წამყვანი სოლისტი იყო და კრიმანჭულის უბადლო შემსრულებელი.  კ. ს. დაამთავრა  თსუ-ის გეოგრაფია-გეოლ. ფაკ-ტი (1956). სწავლის პერიოდში, საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონცერტების, ფესტივალების, თუ ოლიმპიადების უცვლელი მონაწილე იყო. ამ პერიოდში საქართვ. ფილარმონიასთან შეიქმნა საესტრადო ორკესტრი, გიორგი გაბისკირიას ხელმძღვ. კ. ს. ამ ორკესტრის წამყვანი სოლისტი გახდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა ცვლილება განიცადა და ანსამბლს ეწოდა საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრი „რერო“ (1960), რ-იც ხელმძღვ. იყო კონსტანტინე პევზნერი. ამ ორკესტრში სოლისტი კ. ს. მღეროდა  ნანული აბესაძესთან ერთად.